2013 წლიდან სტეიკჰოლდერებთან კერძო-საჯარო დიალოგის და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კერძო სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამოქალაქო დარბაზი დაარსებულია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროში მომუშავე 30 ორგანიზაციის, ექსპერტების და მეცნიერების მიერ. USDA-ს ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ბენეფიციარები - ვეტერინართა რეგიონული ასოციაციები სამოქალაქო დარბაზის მუდმივი წევრები არიან.
2017 წლის 14 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამართა რიგით მე-10 სამოქალაქო დარბაზის შეხვედრა. ტრადიციულად, განსახილველი საკითხები წევრების მიერ წინასწარ შეირჩა. ვეტერინართა რეგიონულმა ასოციაციებმა დარბაზს განსახილველად შესთავაზეს უმაღლესი ვეტერინარული განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების და შესაბამისი აქტივობების განხილვა. შეხვედრას მასპინძლობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი - ზურაბ ჩეკურაშვილი, ხოლო ქვე-სტრუქტურულ სადისკუსიო ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ დეპარტამენტის უფროსები.
ვეტერინართა რეგიონული ასოციაციები კახეთიდან, შიდა-ქართლიდან და ქვემო-ქართლიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი ვეტერინარულ ქვე-სტრუქტურულ სადისკუსიო ჯგუფებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: ცხოველთა იდენტიფიცირება/რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობა, განხორციელებული ვეტერინარული საქმიანობა და ზედამხედველობა და უმაღლესი ვეტერინარული განათლების კანონში შეტანილი ცვლილებები. ვეტერინართა რეგიონულმა ასოციაციებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ზემოთ ხსენებული საკითხების მიმართ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბოლოდროინდელი ცვლილებების თანახმად, ვეტერინარია დაემატა რეგულირებადი პროფესიების სიას. უმაღლესი ვეტერინარული განათლების შესახებ მკაფიო სამართლებრივი მოთხოვნების შექმნა ხელს შეუწყობს პროფესიის შემდგომ განვითარებას.
"ეს საქართველოს სტანდარტების და სასწავლო პროგრამების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს, რაც დააკმაყოფილებს ქვეყნის საჭიროებებს და ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის სექტორთან დაკავშირებული რეფორმების მდგრად განვითარებას ევროპა-საქართველოსჰ არმონიზაციის პროცესის ფარგლებში," - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დემნა ხელაიამ.
"ქვემო ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის სახელით, კერძო ვეტერინარის 20 წლიანი გამოცდილებით, ვალდებული ვარ წამოვჭრა საკითხი ვეტერინარულ რეგულაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებები გააძლიერებენ კერძო ვეტერინარების როლს და უზრუნველყოფენ მათ პოზიციონირებას ბაზარზე", - აღნიშნა ქვემო ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წევრმა ნათელა კულდინაშვილმა.
2008 წლიდან, კერძო ვეტერინარული სექტორის ხელშესაწყობად ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების შესაბამისი წახალისების გზით, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD of GIPA) აშშ-ს კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს “ცხოველთა ჯანმრთელობის” პროგრამას. პროგრამის მიდგომა მდგომარეობს ვეტერინართა გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაში, რომლებიც არიან პროექტის ბენეფიციარები. ასევე პროექტი ფოკუსირებულია ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების ორგანიზაციულ შესაძლებლობათა გაზრდაზე და ვეტერინარული უნარების ამაღლებაზე.
ვეტერინართა რეგიონული ასოციაციები დაარსდა საქართველოს 7 რეგიონში, კერძოდ: კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში.