ტრენინგ კურსი დასავლეთ საქართველოს ვეტერინართა რეგიონული ასოციაციებისათვის

01 მარტი 2018 რეგიონები: იმერეთი

ქ. ქუთაისში, 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით GRDD/GIPA-ს ოფისში დასავლეთ საქართველოს ვეტერინართა რეგიუნულ ასოციაციებისათვის გაიმართა “ორგანიზაციული და ბიზნეს გეგმის განვითარების” ინტენსიური ტრენინგ კურსი. იმერეთის ასოციაცია მასპინძლობდა აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის 11 ვეტერინარს. ოთხდღიანი ტრენინგ კურსი განახორციელეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ტრენერებმა და ექსპერტებმა.

ტრენინგ კურსის მიზნები ფოკუსირებული იყო ორგანიზაციის მართვაზე, არაკომერციულ და ბიზნეს აქტივობებზე, მარკეტინგის სტრატეგიებზე, მეწარმეობის და შემოსავლების სამსახურის ეროვნულ მოთხოვნებზე, არაკომერციულ და ბიზნეს საქმიანობის გაანგარიშებასა და დაბიუჯეტებაზე, ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების ზოგად ბიზნეს გეგმაზე და სხვა. აღნიშნული ტრენინგი პროდუქტიული და სასარგებლო აღმოჩნდა ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების მომავალი განვითარებისათვის. ეს იყო ახალი ინიციატივის პირველი ფაზა, რასაც ითვალისწინებს USDA-ის ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდასაჭერად. პროგრამის თანახმად, ასევე გათვალისწინებულია  ტრადიციული ტექნიკური და შესაძლებლობათა ზრდის ტრენინგების გამართვა.

ამგვარი ტრენინგ კურსების ამოცანაა, საქართველოს სოფლის მეურნეობის ბაზარზე ასოციაციების ბიზნესის კუთხით სანდოობის ამაღლება და ფოკუსირებულია პრაქტიკაზე ორიენტირებულ, სამუშაოზე დაფუძნებულ უნარებზე, რაც ხელს უწყობს ასოციაციებში არსებული ხარვეზების და ბარიერების აღმოფხვრას.

საკითხები დაყოფილი იყო ხუთ ქვესაკითხად, რაც მოიცავდა: ბიზნეს დაგეგმარებას, ბუღალტერიას და ფინანსურ ანგარიშგებას, მარკეტინგს, IT ტექნოლოგიებს და მეწარმეობის სამართლებრივ ასპექტებს. კურსის მსგავსი სტრუქტურა ხელს უწყობს ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. ასევე ეხმარება  ვეტერინარულ სფეროში არსებული პრობლემების გაანალიზებას და მათ დაძლევას ასოციაციების ბიზნეს სტრატეგიებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU) ასოცირებული პროფესორი - ქალბატონი დები რეინოლდსი და  USDA-ს  წარმომადგენელი საქართველოში - ბატონი დემნა ძირკვაძე. ქალბატონმა დები რეინოლდსმა ისაუბრა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე (OIE), საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ეროვნულ კონტექსტზე, WTO-SPS-ის მოთხოვნებზე და კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების დონის შეფასებაში OIE-ის ინსტრუმენტების გამოყენებაზე.

“ეს ტრენინგ კურსი ჩემთვის ნამდვილად სასრგებლოა”, - აღნიშნა ქალბატონმა ნანა ბალანჩივაძემ, აჭარის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარემ. “ჩვენ ტრენინგები ჩაგვიტარეს ექსპერტებმა და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებმა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი სახის ურთიერთობა, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები მოგვცემს ცოდნას, გამოცდილებას და საკმარის შესაძლებლობას, რომ ჩვენს რეგიონში ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წევრ ვეტერინარებს გაუკვლიოთ გზა და ხელი შევუწყოთ ასოციაციის ბიზნეს განვითარებას”, - დასძინა ნანა ბალანჩივაძემ.

გაზიარება